News

სასმელი წყლის ხარისხის თემაზე UNICEF-ის მხარდაჭერით ქ.ქუთაისში ტრენინგი მიმდინარეობს

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში „სასმელი წყლის ხარისხისა და წყლის რესურსების შესახებ რეგიონების მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება“ შეხვედრები გრძელდება.

ამჯერად, ქ. ქუთაისში 5 სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისათვის სასმელი წყლის ხარისხის შესახებ ტრენინგი ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობს. ტრენინგს ატარებს სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორი, გიგა ნადირაძე. ტრენინგის დასრულების შემდგომ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

 

პროექტის - „სასმელი წყლის ხარისხისა და წყლის რესურსების შესახებ რეგიონების მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება“ მიზანია სასმელი წყლის ხარისხისა და წყალის, როგორც ენერგიის წყაროს საკითხებში რეგიონების მოსწავლე-ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონის გაზრდა, სამიზნე მუნიციპალიტეტებში მოსწავლე-ახალგაზრდობის ენერგოეფექტიანობისა და ენერგიის დაზოგვის თემებით დაინტერესება, წყლის რესურსებზე ზრუნვისა და დაცვის იდეის გაძლიერება, ახალგაზრდების ჩართულობის გასაზრდელად მდგრადი მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ინიციატივის შედეგად დაახლოებით 300-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს ინფორმაციას სასმელი წყლის ხარისხისა და რესურსების შესახებ.